პარალელური იმპორტის რეგულირება საქართველოში

27 დეკემბერი 2022

 

                 
ირაკლი გვილია 
მმართველი პარტნიორი | IP and Corporate Solutions  
ანა მაღლაფერიძე
იურისტი| IP and Corporate Solutions  

 
სასაქონლო ნიშანი კომპანიებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგული საშუალებაა მომხმარებლებამდე მისაღწევად. სასაქონლო ნიშანს აქვს რამდენიმე ზოგადი მიზანი (იდეები, თუ რატომ გვჭირდება სასაქონლო ნიშანი), თუმცა მისი მთავარი დანიშნულებაა, რომ მომხმარებელმა შეძლოს განასხვაოს ერთი კომპანიის საქონელი/მომსახურება მეორისაგან. ამრიგად, ბიზნესი ხარჯავს საკმაოდ დიდ თანხას პოტენციურ მომხმარებელში პოპულარობის გასაზრდელად. როდესაც ნიშანი საყოველთაოდ არის ცნობილი (იმ პირობით, რომ საკმაო თანხა გაიღეს მარკეტინგული კამპანიისათვის), სასაქონლო ნიშნის მფლობელს უწევს უფრო მეტი ზრუნვა რეპუტაციაზე, ვინაიდან რეპუტაციის შელახვამ შეიძლება დიდი ზიანი გამოიწვიოს.

სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაცია მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებებს, რომლებიც, როგორც წესი, რეგისტრაციის შემდეგ მოქმედებს. ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს, პირს შეუძლია სასაქონლო ნიშანი საქპატენტში რეგისტრაციით დაიცვას (საქართველოს სასაქონლო ნიშნისა და საპატენტო ორგანო). ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები არ არის აბსოლუტური უფლებები — ისინი წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის ანარეკლებს, როდესაც სახელმწიფო ცდილობს დააბალანსოს საჯარო და კერძო ინტერესი. საქართველოში სასაქონლო ნიშნის დაცვას — ისევე, როგორც ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებებს — ეღობება შეზღუდვაც.

სხვათა შორის, ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია ორიგინალი საქონლის თავისუფლად გადაყიდვა (იმ პირობით, რომ არ არსებობს სახელშეკრულებო ან სხვა სახის შეზღუდვა), გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა. სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად: „სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არ აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე...“  ზემოაღნიშნული დანაწესის მიუხედავად, ამავე მუხლში მოცემულია ძირითადი წესიდან საგამონაკლისო შემთხვევები, ამის თანახმად: „ეს წესი (მუხლი 7.2) არ მოქმედებს, თუ საქონლის თვისებები შეიცვალა, ხარისხი გაუარესდა ან არსებობს ამ აკრძალვისათვის სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი.“ 

სასაქონლო ნიშნების მსგავსი რეგულირება გვხვდება საქართველოს საპატენტო კანონშიც, რომლის თანახმადაც განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა „პატენტის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან აღნიშნული პროდუქტის სხვაგვარად გამოყენება.“   მსგავსად სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონისა, არც საპატენტო კანონმდებლობა ითვალისწინებს სამოქალაქო ბრუნვის ზუსტ განმარტებას და მისი გავრცელების არეალს.

მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით მივედით იმ აზრამდე, რომ მთავარი პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევისას, არის მათთვის იმის განმარტება, თუ რა მოცულობის ცვლილებაა საკმარისი, რომ საქმე მოექცეს მე-7(2) მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევაში და სხვა რა მნიშვნელოვანი საფუძვლები არსებობს, რომლებზე დაყრდნობითაც განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილი იქნება აკრძალოს ორიგინალი საქონლის იმპორტი.

სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის ბუნდოვანი ჩანაწერისგან განსხვავებით, საკითხი მკაფიოდაა რეგულირებული საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონით, რომლის თანახმადაც, „საქართველოში ავტორის მიერ ან მისი თანხმობით ნაწარმოების ასლის პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ავტორის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე.“  შეიძლება ითქვას, რომ მითითება საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებულის გავრცელებაზე გულისხმობს, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან მიმართებით მოქმედებს უფლებების ეროვნული ამოწურვის პრინციპი.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სასამართლო პრაქტიკა არც ერთგვაროვანია და არც ამომწურავი, სწორედ ამიტომ პარალელურ იმპორტთან დაკავშირებულ ბევრ საკითხზე არ გვაქვს საჭირო/აუცილებელი სახელმძღვანელო წესები, განსაკუთრებით მწირია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა. 

ზოგადად, სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონთან დაკავშირებულ საქმეებში, კონკრეტულად კი პარალელურ იმპორტთან დაკავშირებულ ჰიპოთეზურ საქმეებში, ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს მტკიცების ტვირთი. საქართველოს სასამართლოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის დებულებები, ხოლო უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული სხვადასხვა დავისას საქონელი კონტრაფაქციულად მანამდე მიიჩნევა, სანამ მოპასუხე საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს.  აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან იგი ადგენს თამაშის წესებს თვით პარალელური იმპორტის შემთხვევებშიც კი, იმიტომ რომ ასეთ საქმეებში გადამწყვეტია დამტკიცება, რომ საქონელი ორიგინალია. 

ერთ-ერთი მთავარი კანონი, რომელიც აწესრიგებს პარალელურ იმპორტთან დაკავშირებულ პრობლემებს, არის საქართველოს კანონი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“. ეს კონკრეტული კანონი და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან იმპორტის/ექსპორტის რეგულირება, როგორც წესი, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია, რომელიც უნდა გადაიდგას კომპლექსური აღმასრულებელი ღონისძიებების დროს. საყურადღებოა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს კანონი არის ერთადერთი სამართლებრივი აქტი, რომელიც განმარტავს, რა არის კონტრაფაქციული საქონელი; ამის მიხედვით საქონელი, რომელიც საავტორო უფლების ან: სასაქონლო ნიშნის, პატენტის, დიზაინის უფლების ან/და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ნებისმიერი რეგულაციის დარღვევით არის წარმოებული, ითვლება, კონტრაფაქციულად. 
როგორც ვხედავთ, განმარტების თანახმად, კონტრაფაქციულ საქონლად არ მიიჩნევა საქონელი, რომელიც იმპორტირებულია არაოფიციალური არხებით, შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტი არ აღასრულებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს პარალელური იმპორტისას. უფრო მეტიც, ვინაიდან ჩვენ, ადვოკატებს, არ გვეზღუდება საბაჟო დეპარტამენტთან დაკავშირება ოფიციალური/არაოფიციალური შეხვედრებისას და ასევე სემინარების მიმდინარეობისას, საბაჟო დეპარტამენტის ოფიცრები მკაფიოდ აცხადებენ, რომ ისინი არ აღასრულებენ პარალელურ იმპორტთან დაკავშირებულ საკითხებს და ნებისმიერი ორიგინალი საქონლის იმპორტი დასაშვებია, იმ შემთხვევაში კი, თუ განსაკუთრებული უფლების მფლობელს სურს ინტელექტუალური საკუთრების უფლების აღსრულება, მან უნდა მიმართოს სასამართლოს. 

საბაჟო დეპარტამენტის პოზიციის სირთულე ის გახლავთ, რომ, როდესაც არაოფიციალური არხებით იმპორტირებულ საქონელს საზღვარზე აყოვნებენ, არ არის დადგენილი, ორიგინალი საქონელია თუ არა. კანონის ამ ხარვეზით შეუძლია ისარგებლოს განსაკუთრებული უფლების მფლობელმა. 

კანონის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტმა უნდა შეაჩეროს საქონელი, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ იმპორტირებული საქონელი არ არის ორიგინალი. ასეთ სიტუაციაში თვით საბაჟოს ოფიცრისთვის იქმნება დილემა: ერთი მხრივ, თუ ის შეაჩერებს იმპორტირებულ საქონელს, ამან შესაძლოა მოულოდნელი ზიანი მიაყენოს იმპორტიორს, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ის დაუშვებს კონტრაფაქციული საქონლის იმპორტს, შეიძლება სამსახურიც კი დაკარგოს, ზოგ შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი ბრალი წაუყენონ. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა, თუ როდის არის უფლების მქონე პირი უფლებამოსილი შეაჩეროს პარალელური იმპორტით შემოტანილი საქონელი, ანუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქონლის თვისებები შეიცვალა, ხარისხი გაუარესდა ან არსებობს აკრძალვისათვის სხვა ასევე მნიშვნელოვანი საფუძველი, ჩვენ ვფიქრობთ, ყოველი კონკრეტული საქონლის მიმართ აუცილებელია, რომ გვქონდეს ინდივიდუალური მიდგომა. უფრო კონკრეტულად: პარალელური იმპორტის შესაჩერებლად უფლების მფლობელმა უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველოს ბაზრისთვის წარმოებული ორიგინალი საქონელი განსხვავდება იმ ორიგინალი საქონლისაგან, რომელიც იმპორტიორმა არაოფიციალური არხებით შემოიტანა, რამაც უფლების მქონის სახელი შეიძლება შელახოს. პარალელური იმპორტის შეჩერებას აადვილებს ის გარემოება, თუ კონკრეტულ საქონელს უფლების მფლობელი სხვადასხვა სერვისთან ერთად ყიდის, მაგალითად: ხშირად რთულ დიაგნოსტიკურ დანადგარებს მწარმოებელი/უფლების მფლობელი „ყიდის“ ინსტალაციასა და რეგულარულ ტრენინგთან ერთად, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია დიაგნოსტიკური დანადგარებით ოპტიმალური შედეგის მიღწევა. 

ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეროვნული ამოწურვის პრინციპი, ზოგს აქვს საერთაშორისო ამოწურვის პრინციპი. ამ საკითხისადმი საქართველოს, შეიძლება ითქვას, შერეული დამოკიდებულება აქვს.

საქართველოს მსგავსი არაერთგვაროვანი მიდგომა ახასიათებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასაც, რომლის სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონმდებლობაში არ არის დებულება, რომელიც კრძალავს ან დასაშვებად მიიჩნევს პარალელურ იმპორტს. ამ მხრივ ბუნდოვანია სასამართლო პრაქტიკაც და საკითხი წყდება ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად. ამისგან განსხვავებული უფლებების საერთაშორისო ამოწურვის რეჟიმი გვხვდება აშშ-ში, სადაც მოქმედებს “first sale doctrine”, რომლის მიხედვითაც საავტორო უფლების მფლობელი არ არის უფლებამოსილი, მუდმივ კონტროლს უწევდეს საავტორო უფლებით დაცული ნაწარმის ასლების გავრცელებას. ასეთივე მიდგომაა სასაქონლო ნიშნების მიმართაც. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობაში შეიძლება არ იყოს რაიმე მითითება უფლებების ამოწურვის რეჟიმზე, ხსენებულთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტას ითავსებს სასამართლო, რომელიც კანონმდებლობის განმარტებისა და ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ადგენს სტანდარტს. ამის მაგალითს წარმოადგენს იაპონია და ინდოეთი, სადაც უფლებების საერთაშორისო ამოწურვის პრინციპი დადგენილია სასამართლო პრაქტიკით. აღნიშნულისგან სრულიად განსხვავებული მიდგომაა რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომელმაც 2018 წლის გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ საკითხი განეკუთვნება კანონმდებლის უფლებამოსილებას და, ვინაიდან კანონმდებლობაში მითითებულია: რუსეთის ფედერაციის ტერიტორია, ე.ი. მათ ქვეყანაში მოქმედებს უფლებების ეროვნული ამოწურვის რეჟიმი. ყველა ზემოაღნიშნული შემთხვევისგან განსხვავებული რეჟიმით გამოირჩევა ევროკავშირი, სადაც საქონლის თავისუფლად მოქმედების პრინციპის საფუძველზე აღიარებულია უფლებების ამოწურვის რეგიონული მიდგომა. ევროკავშირის ბაზარზე საქონლის განთავსებისას ხდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების მესაკუთრის უფლებების ამოწურვა აღნიშნული (ევროკავშირის) ბაზრისთვის, ხოლო რაც შეეხება არაწევრი სახელმწიფოდან საქონლის იმპორტს, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა კავშირის ქვეყნების პრეროგატივაა. 

ყოველ დასახელებულ პრინციპს ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, მაგრამ ერთი ცხადია: ყოველმა ქვეყანამ ის პრინციპები უნდა დანერგოს, რომლებიც უკეთესი იქნება მისი ეკონომიკური და ეროვნული ინტერესებისათვის. სწორედ ამიტომ რთული და შეუძლებელიც კია თქმა იმისა, თუ რომელი მიდგომაა უკეთესი, რადგან არ არსებობს რაიმე კონკრეტული საზომი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ამგვარ მიდგომათა დადებითი და უარყოფითი შედეგების განსაზღვრა. არჩევანი მეტწილად წარმოადგენს ცალკეული ქვეყნების პოლიტიკის ნაწილს, რომელიც უნდა ემყარებოდეს დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზსა და ბალანსის დაცვას ინტელექტუალური საკუთრების უფლების მესაკუთრეებსა და ბაზრის სხვა მონაწილეთა შორის. იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც მცირე ბაზარი აქვთ, ან ქვეყნისათვის, რომელიც იბრძვის მოსახლეობის მინიმალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, უფლებების ამოწურვის საერთაშორისო რეჟიმი შეიძლება უფრო სასარგებლოც კი იყოს საქონლის, მათ შორის აუცილებელი პროდუქტების, ქვეყანაში დაუბრკოლებელი იმპორტის უზრუნველსაყოფად.

საქართველო წარმოადგენს პატარა ბაზარს განვითარებადი ეკონომიკით, ამიტომაც, თუ პარალელურ იმპორტს ავკრძალავთ, გვექნება ნაკლები პროდუქცია, მაღალი ფასები და კონკურენციასთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, მეორე მხრივ, პარალელური იმპორტის დაშვება ადგილობრივ დისტრიბუტორებს ბრენდების პოპულარიზაციასა და მარკეტინგულ კამპანიებში ინვესტირებაში უშლის ხელს.

მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ევროკავშირთან შეთანხმებას ფართო და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ეროვნულ კანონმდებლობაში ევროკავშირის ბევრი რეგულაცია ინერგება. ამის გათვალისწინებით გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ჰარმონიზებული იქნება ევროკავშირის სამართალთან, რადგანაც ბიზნესისათვის მნიშვნელოვანია სიცხადე არსებულ წესებში, რაც დღესდღეობით ბუნდოვანია პარალელურ იმპორტთან დაკავშირებით. 


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი